ენობრივი ნორმების დარღვევები


,,ვაი საბრალოს... ვაი ჩვენს ენას!“ - ასე მოთქვამდა და ვალალებდა ჩვენი სახელგანთქმული მწერალი გრიგოლ ორბელიანი ლექსში ,,პასუხი შვილთა“, მაგრამ მისი გულისტკივილი სხვა იყო, მას სხვა კონტექსტი ჰქონდა. მაგრამ დღესაც გულში გვხვდება, დღესაც გვაწუხებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ქალაქში დავდივართ, როცა თვალი თავისდაუნებურად გაგვირბის წარწერებსა თუ აბრებისაკენ.
ჩვენი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე რამდენიმე აბრა მხოლოდ ინგლისურ ენაზეა, სწორედ ამან გაგვახსენა რევაზ ინანიშვილის ნათქვამი, რომელიც წერდა: ,,რამდენი ხანია მე ვყაყანებ ამას: ჩვენი მოზარდი თაობის სულს მართავს ამერიკანიზმი, ამერიკული ჯინსები, ამერიკული ქამარი, პერანგი, ვარცხნილობა, სიარული, ერთმანეთთან ურთიერთობა“... და ამას წარწერებიც დაემატა, რომლებიც ან მხოლოდ ინგლისურ ენაზეა, ან ინგლისურ-ქართულზე, ან კიდევ ქართული ასოებით ინგლისური ასოები. აი, მაგალითებიც:







 სამწუხაროა, რომ ქალაქის მესვეურნი ამას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და ერეკლეს ქალაქი ინგლისური წარწერებით აჭრელდა, ხელისუფალთა უყურადღებობა კი სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს - მოგვენატრება ქართული წარწერები.


მარტო უცხო ენოვანი წარწერები და აბრები არ გვაწუხებს, ქალაქში საკმაოდ გვხვდება ენობრივი შეცდომები თუ უზუსტობანი: 


   სამწუხაროდ,  ამ ჩამონათვალში ჩვენი სკოლის აბრაც მოხვდა, რომელიც ჩვენმა ავსტრიელმა მეგობრებმა შეუკვეთეს და თავადაც მიამაგრეს კედელზე. მასზე სკოლის ნომერი 9-ე შეცდომითაა დაწერილი, ჩვენმა მოსწავლეებმა კი გამოსავალი მონახეს და დღეს ასე გამოიყურება: 







 ხშირად დაშვებული შეცდომები 

ქართული ენა  ქართველი ერის ენაა. იგი უმთავრესი იარაღია კულტურისა, ძირითადი ფაქტორი და გამომხატველი ერის განვითარებისა, მისი შემოქმედებისა, ნაციონალური თვითშეგნებისა. ქართულ ნაციონალურ ენაში აღიბეჭდა ქართველი ხალხის ისტორიის ეტაპები - უძველესი ხანიდან მოყოლებული - ყველა საფეხური, რომლებიც განვლო მისი კულტურის განვითარებამ, ამიტომ ხალხის მდიდარი წარსული, მისი კულტურის ინტენსიური განვითარება თავდებია ამ ხალხის ენის სიმდიდრისა და მძლავრი განვითარებისა.
და მართლაც, ქართული ენა მდიდარი და უნიკალურია. გარდა ამისა ინტერნეტ-პორტალ ,,The Culture Trip-ის 2015 წლის მონაცემებით, ქართული ენა ყველაზე რთული ენების ხუთეულში შევიდა. ალბათ, სწორედ რთული გრამატიკითა და დამწერლობითაა გამოწვეული, რომ ქართულად მეტყველებისას თუ მართლწერისას ამდენ შეცდომას ვუშვებთ, მიუხედავად იმისა, რომ გვინდა სწორად ვწეროთ და ვიმეტყველოთ. სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებს, რომლებიც მრავლად გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პირადად მე, როდესაც ენაში დაშვებულ შეცდომებზეა ლაპარაკი, პირველ რიგში მახსენდება სიტყვა ,,მეორადი“. ალბათ, ეს სიტყვა არაერთი მაღაზიის აბრაზე დაგვინახავს და უკვე იმდენადაა დამკვიდრებული, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ეს სიტყვა არასწორია. მისი სწორი ფორმაა მეორეული, რომელსაც ფაქტობრივად არავინ იყენებს.
მე მგონი არც კი დავფიქრებულვართ, როგორ კონტექსტში ვიყენებთ ხოლმე შემდეგ ორ სიტყვას: სავსებით და სრულიად. დაიმახსოვრეთ, რომ სავსებით გამოიყენება მხოლოდ დადებითი შედეგის ან თანხმობის დროს, ხოლო სრულიად - უარყოფითის დროს. მაგალითად: სავსებით საკმარისია, სრულიად მიუღებელია, სავსებით სამართლიანად, სრულიად უსამართლოდ.
ცალკე უნდა გამოიყოს ზმნების სერიებში ჩაყენება. თან ამ სიტუაციაში ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ კი ვიცით ზმნის სწორი ფორმა, მაგრამ საუბრისას მას უნებლიეთ არასწორად ვიყენებთ. მაგ: არასწორია - დამიხატია; სწორია - დამიხატავს; წამიკითხია - წამიკითხავს; მითქვია - მითქვამს და ა.შ.
შემდეგ შეცდომას შეგვიძლია "10 საქართველო" დავარქვათ. როდესაც გვსურს, რომ მრავლობითი რიცხვი გამოვხატოთ, მნიშვნელოვანია სიტყვების სწორი წყობა წინადადებაში. ამას მსაზღვრელ-საზღვრული სისტემა ეწოდება. მაგ: 10 საქართველოს მოქალაქე, გულისხმობს, რომ არსებობს 10 საქართველო და საუბარია ამ ,,საქართველოების“ მოქალაქეებზე. ამიტომ სწორია ,,საქართველოს 10 მოქალაქე“, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ერთი ქვეყნის ათ მოქალაქეზეა საუბარი. იგივე შემთხვევაა: ,,ყველა საქართველოს მოქალაქე“ - ,,საქართველოს ყველა მოქალაქე“.
მორიგი გრამატიკულ შეცდომად შეგვიძლია მივიჩნიოთ სიტყვა ,,ზე“-ს არასწორად გამოყენება. მაგ: ,,ისინი მეტ დათმობაზე არიან მზად“-არასწორია; ,,ისინი მეტი დათმობისათვის არიან მზად“ - სწორია.
გარდა ამისა, ხშირად მოგვდის წვრილ-წვრილი შეცდომები: მაგ: არასწორია - სამღვდელო პირთა ასე ხსენება "მამაომ მითხრა"; "დედაომ მირჩია"; არასწორია - "მამაოები", "დედაოები" და სწორია - მამა (სახელი); დედა (სახელი); რაღაცეები - რაღაცები; რეები - რაები; რეგიონალური - რეგიონული, არასწორია - ფაქტიურად, სწორია - ფაქტობრივად, არასწორია - ლაკონურად, სწორია - ლაკონიურად და ა.შ. 
და ბოლოს, შეუძლებელი იყო, რომ ამ სტატიაში არ დამეწერა ასეთი შეცდომის შესახებ. ყველას გვგონია, რომ  ,,გამარჯობათ“, ,,კარგით“, ,,ბოდიშით“ უფრო ზრდილობიან ადამიანად გვაქცევს. მაგრამ ასეთი ,,თავაზიანი“ ფორმები უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ უკეთესია, რომ ქართულის მცოდნე ადამიანად წარვუდგეთ საზოგადოებას და ,,გამარჯობა“, ,,კარგი“ და ,,ბოდიში“ ვთქვათ.

ნაკლები შეცდომა რომ დავუშვათ, სასურველია, სატელევიზიო არხებმა გაიმეორონ - 5 წუთიანი გადაცემა სალიტერატურო ენის ნორმების შესახებ, რომელიც მიყავდა ქალბატონ შუქია აფრიდონიძეს რომ უფრო მეტი ცოდნა მივიღოთ და სწორად ვიმეტყველოდ.

ანა ხეჩიაშვილი

No comments:

Post a Comment

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხშირად აწყობს კონკურსებს ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულებების მოსწავლეე...