ინტერვიუები

ბლოგზე მუშაობისას გადავწყვიტეთ ინტერვიუები აგვეღო, პირველ რიგში, გაგვახსენდა ჩვენი თანაქალაქელი, რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი, ქ-ნი მერი ზაალიშვილი, რომელიც წლები რედაქტორობდა გაზეთ ,,თელავის მოამბეს“, რომელმაც ,,ალაზნის განთიადი“ ილიას საქართველოს მოამბით“ ... შეცვალა. გვსურდა, რომ მისგან გაგვეგო, როგორ აღნიშნავდნენ ,,სსრკ“-ს დროს ქართული ენის დღეს.
შემდეგ ინტერვიუებად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, თელავის ბაზარში გავესაუბრეთ ქ-ნ რამილას, რომელიც სოფელ ყარაჯლის მკვიდრია, ხოლო პანკისის ხეობიდან, დაწყებთი კლასების მასწავლებელ აიზა დუიშვილს მივმართეთ. ძალიან გვაინტერესებდა, როგორ მეტყველებდნენ, როგორ იცოდნენ ჩვენი ენა, იყენებდნენ თუ არა მას ოჯახურ გარემოში და ზოგადად, როგორი დამოკიდებულება და განწყობა ჰქონდათ ქართული ენის მიმართ.
ბოლოს კი ინტერვიუ ავიღეთ ახალგაზრდა მწერალ ბექა ადამაშვილისაგან, რომელიც ჩვენი ქიმიის მასწავლებლის, ქ-ნ მერი პიტიურიშვილის დისშვილია, რომელიც სიამოვნებით დაგვთანხმდა მასზე და თავისი მოსაზრებებიც გულახდილად გაგვიზიარა.


ინტერვიუ მერი ზაალიშვილთან

   მე, ნინო ყარაულაშვილი, ჟურნალისტების გარემოცვაში გავიზარდე, ბებიაცა და პაპაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ თელავისა თუ კახეთის გაზეთებში. სწორედ ამიტომ ბავშვობიდან მესმოდა რედაქციისა და  გაზეთის შესახებ. როდესაც გადავწყვიტეთ ბლოგის ერთი ნაწილი ინტერვიუებისათვის დაგვეთმო, მაშინვე მერი ზაალიშვილი გაგვახსენდა, გაზეთ,  „თელავის მოამბისა“(შემდგომში „ალაზნის განთიადი“) რედაქტორი და საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. გაზეთი, რომელსაც ქალბატონი მერი წლების მანძილზე რედაქტორობდა, თელავის  კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. ის იყო ეპოქის ხმა, რომლის სახელითაც რედაქციის წევრები არაჩვეულებრივად ახერხებდნენ თელავისა და კახეთის მხარეში მომხდარი ამბების სათანადოდ გაშუქებას. და მართლაც ვინ, თუ არა ჯურნალისტი გადმოსცემს ყველაზე კარგად ენისადმი სიყვარულს. სწორედ ქალბატონი მერი და მისი რედაქციის ჟურნალისტები არიან ისინი, ვისაც თავის თავზე აქვთ გამოცდილი ქართული სიტყვის ძალა, და შეგნებულადაც იყენებდნენ ამ სიტყვას. განსაკუთრებით კი მაშინ ცდილობდნენ, როცა საქმე ჩვენს ენასა და კულტურას ეხებოდა.
  ამრიგად გასაკვირიც არაა, რომ ჩვენც მოგვინდა ბლოგისათვის ქალბატონი მერისაგან ინტერვიუ, რაზეც იგი არ დამზარდა და გულთბილად მიმიღო. ძველი გაზეთებიც მაჩვენა, „თელავის მოამბე“ და „ალაზნის განთიადი“, და, რაც მთავარია, ბევრი საინტერესო ამბავი მომიყვა გაზეთზე, ქართულ ენასა და ჩვენს ისტორიულ ქალაქ თელავზე.

ჩვენი მთავარი შეკითხვა ქალბატონ მერისთან 14 აპრილისადმი მიღძვნილ გაზეთებსა და მათი სტატიების შინაარსს ეხებოდა, მაგრამ ცხადია ჩვენი საუბარი გასცდა ამ კითხვასა და მის კონტექსტს. რადგან მოგეხსენებათ, როდესაც ასეთ საინტერესო და მრავლისმნახველ ადამიანს ესაუბრები იქ ჩარჩოები აღარ არსებობს. ის საუბარს იწყებს, შენ კი უბრალოდ მოჯადოებული უსმენ და აღარც ინტერვიუს ფორმატი გახსოვს და აღარც რაიმე სხვა.

-ქალბატონო მერი, ვიცით, რომ წლების მანძილზე რედაქტორობდით ქ.თელავის გაზეთ „თელავის მოამბეს“, ამასთან ერთად მოგვეხსენება, რომ ყოველწლიურად 14 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილ სპეციალურ ნომერსაც უშვებდით. იქნებ ორიოდე სიტყვით გვითხრათ, რა სახის იყო ეს გაზეთები, რა და რა სტატიები იბეჭდებოდა და როგორ იღებდა მაშინდელი მკითხველი მათ.

-რომ გითხრა, რომ ზუსტად გიპასუხებ მაგაზე, თუ როგორ და რას ვაკეთებდით, ცოტა გამიჭირდება. ერთხელ მეგობართან საუბარში ვთქვი, რომ ასეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 1936 წელს კი არა, ბევრად ადრე დავიბადე, მაშინ როცა ფარნავაზი იყო. მე იქიდან მოვდივარ და ის ტკივილები მაწუხებს, რაც იმათ აწუხებდათ.
ერთხელაც დისშვილთან ერთად ვსაუბრობდი გრიგოლ რობაქიძის მიერ ჰიტლერის შესახებ დაწერილ წერილზე. მე სხვა შეხედულება მქონდა და დღემდე არ ვთვლი სწორად, რომ მან ისეთი წერილი დაწერა ჰიტლერზე, სადაც აქებდა მას. მაგრამ შემდეგ მემუარებიდან შევიტყვე, რომ თავადაც ნანობდა ამას. გრიგოლ რობაქიძეს, რომელიც საქართველოზე გული შეტკიოდა, მიაჩნდა, რომ ჰიტლერი ისევე გაათავისუფლებდა საქართველოს, როგორც ეს გერმანიის შემთხვევაში გააკეთა. ხოლო მერე  მიხვდა, რომ ამ კაცის ინტერესების სფერო იყო მხოლოდ: ერთი - გერმანია, ერთი - გერმანელები, ერთი - სახელმწიფო და ერთი - ადოლფ ჰიტლერი. მერე ნანობდა და, სხვათა შორის, რომელ გამომცებლობებს არ მიაკითხა, მაგრამ არავინ  სინანულის ეს წერილები აღარ დაუბეჭდა. მე მაწუხებს, რომ ისეთი ნიჭიერი ადამიანი, როგორიც რობაქიძე იყო, სამშობლოს განერიდა, უცხო ქვეყანაში მოკვდა და აქ თავისი ნიჭი და შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა.
აი, მაშინ მითხრა ჩემმა დისშვილმა; „მერი დეიდა, ეს საბჭოური გადმონაშთებია და გეპატიებაო“ . მე კი ვუპასუხე, რა შუაშია საბჭოური გადმონაშთები და მაშინ გამახსენდა გალაქტიონის სიტყვები : „მე დავიბადე 26 საუკუნის წინათ“, ყოველთვის მახსენდება ხოლმე გალაქტიონის ლექსი:  „შენ რომელიც
                                          მარად მზეებრ გვინათ,
                                          არა გუშინ
                                          გაჩნდი თვალის ჩინად
                                          არამედ მზით  ამოენთე ბრწყინვად-
                                          ოცდაექვსი
                                          საუკუნის წინად“

ძალიან მომწონს კიდევ „შენ სიბერის გმოსავს ნელი ხავსი“ ,თუ არა ქართველი და დიდი პოეტი, ვინ იტყვის ენაზე „შენ სიბერის გმოსავს ნელი ხავსი, ქვაზე ჭრილი ხარ ჩუქურთმის მსგავსი“


და ეს განცდა ძალიან მძაფრადაა ჩემში. მე ჩემს თავზე ვლაპარაკობ და, ალბათ, ჩვენი რედაქციის თანამშრომლებიც ასეთივე განწყობით იყვნენ  ენის მიმართ. როგორც ყოველდღე დილით უნდა ადგე, ჩაიცვა და პირი დაიბანო, ასევე იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. ეს იყო მთელი ჩემი არსება, ცხოვრება. და გაზეთშიც ვცდილობდით ,რომ ასე აგვესახა ნაირ-ნაირი რუბრიკებით, რაღას და როგორ არ მოვიფიქრებდით ხოლმე. ერთხელ 14 აპრილისათვის გამოშვებულ ნომერში ასომთავრული ანბანი დავიტანეთ. იმ დღეს „მოამბე“ სწორედ ამ ამბით დაიწყეს. ჩვენთვის ეს უდიდესი სიამაყე იყო.
ყოველთვის იყო ერთ-ერთი წამყვანი თემა გაზეთისა ჩვენი ენა, ჩვენი სარწმუნოება და ჩვენი მამული. მიწაზე რა სიყვარულით მიწერია, მიწა ჩვენი მარჩენალი, როგორ მიყვარს ეს ქართული მიწა, არაერთი ციკლი მაქვს წერილებისა გამოქვეყნებული- მიწა იმისია, ვინც მას უვლის, არ ვუვლით ჩვენს კარგ მიწას კარგად.
-არც ენას,-დავამატე მე,
ამრიგად, ასეთი დამოკიდებულება, ასეთი ფიქრები მქონდა. წლევანდელ საიუბილეო გაზეთშიც მთელი გვერდი მიეძღვნა ამ ყველაფერს: „მე დავიბადე 26 საუკუნის წინათ“, ასე რომ ძალიან ხანდაზმულ ადამიანს ელაპარაკებით! (იცინის)

 მე და დარეჯან ჭანკოტაძეს, პირველი სკოლის დირექტორს, წერილების ციკლი გვაქვს გამოცემული სკოლის ისტორიიდან. იქ მაშინ ჩავიწერეთ რომ მოდიოდა ვინმე, რომელსაც ჩვენ „უსახელო უფლისციხელი“ დავარქვით და სკოლის გაუქმების შემდეგ(სკოლის გაუქმება არ იკმარეს, სასახლეში საჯინიბო გააკეთეს, ერთი სიტყვით იავარ-ქმნეს იქაურობა) ყოველდღე მოდიოდა ვინმე, „უსახელო უფლისციხელი“ და ყოველ დილით რეკავდა ზარს 1919 წლამდე, სანამ არ გაიხსნა ისევ ის სკოლა. აღდგა 1919 წლის 20 იანვარს და დავით აბაშიძემ, რომელიც ერეკლე მეორის ნათესავი გახლდათ, პირველი ნაბეჭდი გაზეთი გამოსცა სახელწოდებით: „ახალგაზრდა ქართველი“. მე როცა „თელავის მოამბის“რედაქტორი გავხდი, შევუცვალე გაზეთს გამოცემის თარიღი, რადგან ყველას ეწერა 1921 წლიდან, ე.ი.მას შემდეგ რაც საბჭოთა მმართველობის ქვეშ მოვექეცით(თითქოს ყველაფერი მათ შექმნათ ჩვენთვის), არადა ნაბეჭდი გაზეთი 1919 წლიდან გამოდიოდა. ხოლო ხელნაწერი გაზეთები მანამდეც არსებობდა და ეს საქმიანობა საკმაოდ მაღალ დონეზე იყო.
მას შემდეგ, რაც მეცენატები გამოჩნდნენ,  ყოველწლიურად გამოდიოდა გაზეთი. არ არის ადვილი გაზეთის გამოცემა, დიდ ფუფუნებასთანაა დაკავშირებული, ბევრ ხარჯს მოითხოვს.მაგრამ მეცენატების წყალობით გაზეთი გამოდიოდა და ძალიან საინტერესოდ ასახავდა მაშინდელ ამბებს. მეც მინდა, რომ გაგრძელდეს გაზეთის გამოცემა.
ადრე ჩვენ ხშირად ვუშვებდით „გაზეთს გაზეთში“, „“თელავის მოამბეში“ , მაგალითად, სანიორე, წინანდალი, კონდოლი, საიდანაც სოლომონ ლიონიძე იყო და სხვა.
 ჰოდა, ახლაც მინდა გავაკეთოთ ანალოგიურად გაზეთი გაზეთში, ანუ „ახალგაზრდა ქართველი“ „თელავის მოამბეში“, დიდხანს ვეძებდი „ახალგაზრდა ქართველის“ სათაურს, არ ვიცოდი, როგორი კალიგრაფიით იყო დაწერილი, არც მუზეუმში იყო, შემდეგ კი ჩემივე გამოქვეყნებული  აღმოვაჩინე, ისევ და ისევ გაზეთ „თელავის მოამბეში“.
ნინო ყარაულაშვილი



ინტერვიუ აზერბაიჯანელ ქალბატონთან

1.      როგორ შეისწავლეთ ქართული ენა?

ართულ სკოლაში ვსწავლობდი 10 წელი და ენაც იქ შევისწავლე.

2.      სკოლაში ქართულად მხოლოდ გაკვეთილებზე საუბრობდით თუ სხვა ადგილებშიც, მაგალითად დერეფანში?

არა, სკოლაში ყოველთვის ქართულად ვსაუბრობდით, მათ შორის დერეფანშიც.

3.      როგორ ფიქრობთ, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს ქართული?

დიახ, ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველამ უნდა იცოდეს ქართული ენა. სადაც დავიბადეთ, იმ ქვეყნის ენას-ყველა უნდა ვფლობდეთ.

4.      სოფელში რა ენაზე მეტყველებთ?

სოფელში ჩვენ თათრულად ვსაუბრობთ. ყარაჯლის სკოლაში არის აზერბაიჯანული სექტორიც, ამიტომ აზერბაიჯანულ ენაზეც ვსაუბრობთ. მაგრამ, სოფლის დიალექტსა და აზერბაიჯანულ ენას შორის არის მცირე სხვაობა.


ანა ხეჩიაშვილი


ინტერვიუ აიზა დუიშვილთან


1. ვიცით, რომ თქვენთვის ქისტური მშობლიური ენაა, მაგრამ ქართულს, როგორც სახელმწიფო ენას, რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის?

-პანკისელებისათვის მშობლიური ენა ქისტურია, მაგრამ ქართულს, როგორც სახელმწიფო ენას, დიდ პატივს ვცემთ და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სკოლები ხეობაში ქართულენოვანია, ჩვენი ახალგაზრდობა სკოლაში ეუფლება ქართულს და ხეობის მიღმა, ქვეყნის მასშტაბით ყველგან იყენებენ მას.

2. მოგვეხსენება, რომ თქვენ დაწყებით კლასებში ასწავლით ქართულ ენას, როგორ იღებენ პატარები ჩვენს ენას და როგორია მათი დამოკიდებულება?

-გულახდილად გეტყვით, რომ სკოლაში მოსვლამდე ჩვენს ბავშვებს შეხება არა აქვთ ქართულ ენასთან, რადგან ძირითადად ქისტურად ვსაუბრობთ. მაგრამ სკოლაშ ისინი პირველი დღიდანვე სწავლობენ ქართულს, ყველა საგანი ქართულად ისწავლება. ჩვენი მოსწავლეები, სხვათა შორის, ძალიან გამართულად მეტყველებენ, რადგან ქართულს, როგორც უცხო ენას ისე აღიქვამენ და ცდილობენ ენის ნორმები დაიცვან. ქართული მხოლოდ გაკვეთილზე ისმის, ზარის დარეკვის შემდეგ კი, დერეფანში ქისტურად ვმეტყველებთ მოსწავლეებიცა და პედაგოგებიც მიუხედავად ამისა, მაინც მიმაჩნია, საკმაოდ კარგად ვსაუბრობთ ქართულად.

3. რამდენად კარგად ფლობენ პანკისელები ქართულ ენას და იყენებთ თუ არა ხეობაში  სამეტყველო ენად?

სამეტყველო ენა ხეობაში ქისტურია, ყველგან ქისტურად ვსაუბრობთ, მხოლოდ საჯარო დაწესებულებებში და ოფიციალურ ღონისძიებებზე ვიყენებთ ქართულ ენას.

4. ვიცით, რომ ხეობაში მეტყველებთ ქისტურ ენაზე, მაგრამ თვლით თუ არა რომ საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა ფლობდეს წართულ ენას? 

პირადად მე და ჩემი კოლეგებიც, აგრეთვე ხეობის მოსახლეობის უმრავლესობაც თვლის. რომ საქართველოს ყველა მოქალაქე სათანადო დონეზე უნდა ფლობდეს ქართულ ენას.


აქვე, შემოგთავაზებთ დუისის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლის, მარიამ ქავთარაშვილის, მიერ დაწერილ თემას ქართული ენის შესახებ:


მე გამაჩინა ჩეჩნეთმა  და დიდი სიყვარულით გამომზარდა საქართველომ.მეამაყება,რომ ვარ საქართველოს მოქალაქე და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი.მეამაყება,რომ ჩვენს ურთიერთობაში არაერთი საამაყო ეპიზოდი ყოფილა.მიუხედავად განსხვავებული რელიგიისა და ეთნიკური წარმომავლობისა საერთო კავკასიური ცივილიზაცია ხელს უწყობს ჩვენს მეგობრულ თანაცხოვრებას ერთ სახელმწიფოში.ქართული ენა არის ჩვენი საფიცარი,კარგად ვაცნობიერებთ,რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ცნობიერება უპირველესია.იყო საქართველოს მოქალაქე არის უდიდესი პასუხისმგებლობა.მეამაყება,რომ ჩემთვის როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არასოდეს არ ყოფილა ენის ბარიერის პრობლემა.ენა დედაა ერისა...ეს სიტყვები ყოველი ქართველისთვის კარგად ნაცნობი და საამაყოა...საამაყოა,რამდენადაც ქართული ენის სიყვარულმა,მისი დაცვისთვის ბრძოლამ მოიყვანა ქართული სული დღევანდლამდე.ქართული ესარის ჩვენი ქვეყნის,სამშობლოს ენა.მიუხედავად იმისა,რომ ჩვენი მშობლიური ენაა ქისტური მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ქართულ ენას.ქართულმა ენამ მრავალ განსაცდელს გაუძლო.ყველა ცდილობდა მის მოსპობასა და გადაგვარებას.მაგრამ ქართული ენა ძლიერი გამოდგა და დღევანდლამდე მოვიდა.რომ არა ქართული ენა ჩვენ ვერ შევძლებდით საზოგადოებაში გასვლას და კომუნიკაციას ადამიანებთან.ქართული ენა ეს არის ჩვენი ქვეყნის საქართველოს ისტორია.ადრე ადამიანები მას იარაღით იცავდნენ,რადგან იცოდნენ რომ მისი დაკარგვა ერის გადაგვარებას გამოიწვევდა.ქართველი ერისთვის ქართული არის დედასავით ძვირფასი და ერთადერთი.მე პირადად დიდ პატივს ვცემ ქართულ ენას და ქართველ ხალხს.ქართული ენა ეს არის  ჩემთვის  და არა მხოლოდ ჩემთვის არამედ ყველასთვის სიმდიდრე და თუ რაიმეს დავაკლებთ ჩვენვე დაგვაკლდება.ქართული ენა ეს არის ჩემთვის დიდი იარაღი და ნავთსაყუდარი. ქართული ენა ეს არის ჩემთვის ძალა.ენა ქართული-ეს არის სისხლი და ხორცი ქართველი კაცის,რომელიც შემოინახა მან ცეცხლით და შანთით.ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი,რომ ეს არის ჩვენი ძალა,სიამაყე და უნდა დავიცვათ იგი.ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ენა ქართული.

ანა ხეჩიაშვილი

ინტერვიუ ბექა ადამაშვილთან



        რა აზრის ხართ ენობრივი ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით


     -ენა ცოცხალი ორგანიზმია - დროდადრო უნდა იცვლებოდეს და ვითარდებოდეს. ცვლილებები კი ზოგიერთი ნორმის დარღვევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. რაც წინა საუკუნის დასაწყისში მაღალ სალიტერატურო ან სამეტყველო ენად ითვლებოდა, დღეს მისი გამოყენება საუბრისას თუ წერისას, უკვე კომიკურად გამოჩნდება. თუმცა,მსგავსი ცვლილებები, ევოლუციის მსგავსად, დროთა განმავლობაში უნდა ხდებოდეს და არა - ერთბაშად ან გაუაზრებლად.



თქვენ თავად, რამდენად ცდილობთ ენის ნორმების დაცვას

-ზოგჯერ მგონია, რომ ზედმეტადაც კი ვცდილობ ეს ნორმები დავიცვა. მაგალითად, დიალოგების წერისას ხშირად ისე გამომდის ხოლმე, რომ მასში მონაწილე ყველა ადამიანი გამართულად, ენობრივი ნორმების დაცვით მეტყველებს. ეს კი ხელოვნურია, რადგან რეალურ სამყაროში ასე არ ხდება. უფრო რთულია ნორმების დაცვა წერის მიღმა, გამომდინარე იქიდან, რომ საუბრისას ნაკლები დრო გაქვს იმაზე დასაფიქრებლად, ყველაფერს სწორად ამბობ თუ არა.

როგორ აფასებთ ახალგაზრდა ქართველი მწერლების მიერ ხშირად გამოყენებულ ჟარგონებს. თქვენი აზრით, ეს ხელს არ უწყობს ენის დაბინძურებას?!

-არ მგონია, რომ ვინმეს მიერ გამოყენებული ჟარგონები ენას განსაკუთრებულ ზიანს აყენებდეს. ლიტერატურას თავისი სპეციფიკა აქვს. ზოგჯერ ის აირეკლავს იმას, რაც ჩვენ გარშემო ხდება და არა - პირიქით. ანუ, თუკი ავტორი აღწერს იმ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ, ბუნებრივია, რომ სამეტყველო ენაც იმის მსგავსი იქნება, რაც ჩვენ გარშემოა. მწერლებისთვის ჩარჩოების დაწესება და მითითება, რა როგორ ჯობია წერონ უფრო სახიფათო მგონია, ვიდრე მათ მიერ გამოყენებულ ჟარგონებზე წუხილი.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ დღესდღეობით ჩვენი  ენა საფრთხეშია, ენა წალეკა - ბარბარიზმებმა, ნეოლოგიზმებმა, ჟარგონებმა.

-მიმაჩნია, რომ ხმები ენის საფრთხის ქვეშ ყოფნის შესახებ, ოდნავ გადაჭარბებულია. სამყარო ვითარდება და ბევრი ისეთი სიტყვა ჩნდება, რომლის ანალოგიც ენის წიაღში მაინცდამაინც არ გვაქვს, ამიტომ ნეოლოგიზმები მნიშვნელოვანია. ბარბარიზმებს და ჟარგონებს რაც შეეხება, მათ მცირე სიცოცხლისუნარიანობა აქვთ და ქართული ენის განვითარების ისტორიასაც თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ დროის სვლასთან ერთად ან სხვა ბარბარიზმები ჩაანაცვლებენ, ან სულაც დავივიწყებთ.
თუმცა, რა თქმა უნდა, სიტყვები, რომელთაც ქართულ ენაშიც აქვთ ანალოგი, არ არის აუცილებელი ინგლისურით ჩავანაცვლოთ. ინგლისური სიტყვების უადგილო გამოყენება მეტყველებისას ისეთივე ხელოვნური ჩანს, როგორც ახალგაზრდა პერსონაჟების მხრიდან აბსოლუტურად გამართული საუბარი.
რა არის თქვენი, როგორც ახალგაზრდა მწერლის მიზანი?

-განსაკუთრებული მიზნები არ მაქვს. გამიხარდებოდა, თუ წერისას ენის შესაძლებლობების, სიმდიდრის და სიტყვათა არსენალის გამოყენებას, მაქსიმალურად შევძლებდი.                    
ანა ბაჩიაშვილი










No comments:

Post a Comment

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხშირად აწყობს კონკურსებს ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულებების მოსწავლეე...